LIVE

რუსეთში ინფლაცია ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმზეა

07 აპრ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1270
რუსეთში ინფლაცია ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმზეა
Bloomberg

მარტში რუსეთში ინფლაციამ ბოლო ოთხი წლის მაქსიმალურ დონეს მიაღწია, რაც კიდევ ერთი ზეწოლის ფაქტორია რუსეთის ცენტრალურ ბანკზე საპროცენტო განაკვეთების გასაზრდელად.

ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, წლიური ინფლაცია მარტში 5,8%-მდე დაჩქარდა, რაც პროგნოზების შესაბამისია, თუმცა ცენტრალური ბანკის 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

"ვხედავთ გარკვეულ ზრდად რისკს ჩვენი 4%-იანი პროგნოზისთვის. ივლისისთვის 5,25%-იან მაჩვენებელს ველით",- წერენ კლემენს გრეფი და მარია ლუდოვიკა ამბროზინო Goldman Sachs-ის შენიშვნაში.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ინფლაცია მიმდინარე თვეში მხოლოდ მცირედით, 5.5%-დან 5.6%-მდე შემცირდება.

საპასუხოდ, მარტის თვეში Bank of Russia-მ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და განაცხადა, რომ ეკონომიკური აღდგენა და ინფლაციური ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე არსებული პროგნოზები იყო.

ამავდროულად, მარტის დასაწყისიდან, რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ზე მეტით გაუფასურდა, რაც ინფლაციურ წნეხს კიდევ უფრო ზრდის და რუსეთის ცენტრალურ ბანკს შეშფოთების საფუძველს უქმნის. რუსეთის მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები 23 აპრილს შეიკრიბებიან, რათა განაკვეთების საკითხი კიდევ ერთხელ გადაწყვიტონ.

”მარტის თვეში ინფლაციის დაჩქარება აძლიერებს ცენტრალური ბანკის არგუმენტებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის. ცენტრალური ბანკი 25 ან 50 საბაზისო პუნქტიან ზრდაზე იფიქრებს, თუმცა ბაზარი მზად არის ამ სცენარისთვის",- ამბობს მოსკოვის ING ბანკის ანალიტიკოსი, დიმიტრი დოლგინი.

რუსეთის მთავრობა გასული წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში ხარჯვაში საკმაოდ აქტიური იყო, რამაც ინფლაციის კიდევ ერთი საფუძველი შექმნა. ამის შესახებ GKEM Analytica-ს პარტნიორმა და ეკონომისტმა, ევგენი გავრილენკოვმა განაცხადა.

”ინფლაციის პიკი მარტში იყო, ამის შემდეგ ის შენელდება. სუსტი რუბლი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა”,- ამბობს სოფია დონეცი მოსკოვის Renaissance Capital-ის ეკონომისტი.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში  წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, მნიშვნელოვნად აღემატება. რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, მიმდინარე წელს ინფლაცია 4-4.5%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, სავარაუდოა, რომ სებ-ი ამ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანნა ანდრიანოვა