Facebook-მა ულტრანაციონალისტურ დაჯგუფება „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული 70 ანგარიში გააუქმა. გვერდების უმრავლესობა გასართობი იყო, თუმცა ისინი დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა. წაშლილია 23 მომხმარებლის ანგარიში, 12 ჯგუფი, 24 გვერდი და 11 Instagram ანგარიში.
Facebook-მა გადაწყვეტილება ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის საფუძველზე მიიღო. DFRLab-მა გამოავლინა ქსელი, რომელიც "ქართული მარშისა" და PosTv-ის რეკლამირებას ეწეოდა.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული მარში" და მასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი აძლიერებდა სენტიმენტებს დავით გარეჯის საკითხზე და მასობრივად არეკლამებდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პოსტებს.
Facebook-ის განცხადების თანახმად, ანგარიშები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით გაუქმდა. ყველა ეს ქსელი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკაზე მთელ მსოფლიოში და მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. საქართველოს მსგავსად, 1 000-ზე მეტი არაავთენტური ქსელი გამოვლინდა და წაიშალა მათ შორის, ალბანეთში, ირანში, ესპანეთში, ისრაელში და ა.შ.
ნათანაელ გლეიჩერმა, Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ კომპანიამ არაავთენტური ანგარიშების იდენტიფიცირების შესაძლებლობები გააუმჯობესა, მაგრამ თავდამსხმელები კომპანიის რეგულაციებისგან თავის ასარიდებლად, მუდმივად ცვლიან სტრატეგიას.
არაავთენტურ და კოორდინირებულ ქსელებთან ბრძოლის პროცესში Facebook-მა ბოლო წლების განმავლობაში გააუქმა "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსის", კოკა ყანდიაშვილის, კომპანია "პანდასა" და Alt-info-ს ქსელები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი