LIVE

ევროკავშირის პოპულისტი ლიდერები მემარჯვენე ალიანსის შექმნას უშედეგოდ ცდილობენ

02 აპრ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
ევროკავშირის პოპულისტი ლიდერები მემარჯვენე ალიანსის შექმნას უშედეგოდ ცდილობენ

ევროკავშირის სამი ქვეყნის პოპულისტი ლიდერი, ოჯახის ღირებულებების გაძლიერებით, ევროპის „რენესანსის“ ძიებაშია, თუმცა ვერ ლახავენ უთანხმოებას ახალი ალიანსის ფორმირებისთვის, რომელიც ევროკავშირის უმაღლეს ფონეზე გავლენის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

უნგრეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და მატეუშ მორავიეკი, ასევე იტალიის ვიცე-პრემიერი, მატეო სალვინი ბუდაპეშტში შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს პლატფორმის შექმნაზე, რომელიც პოპულისტური და ექსტრემალური მემარჯვენე ძალების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ევროპული რენესანსი გვსურს და ამ მიზნით ერთად ვიმუშავებთ. არ არსებობს საკითხი, რომელზე შეთანხმებას ვერ შევძლებთ. ჩვენი ეროვნული ინტერესები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს“,- განაცხადა ორბანმა უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ.

მორავეკიმ განაცხადა, რომ ლიდერებს სჯერათ „ევროკავშირის მომავლის“ და დასძინა, რომ ბლოკმა არ უნდა უღალატოს საკუთარ ფესვებს, მათ შორის ქრისტიანულ ოჯახსა და ძლიერ ეროვნულ მთავრობებს.

მიუხედავად თანამშრომლობის გაცხადებული სურვილისა, მთავარი გამყოფი თემა რუსეთია.

ორბანმა და სალვინიმ მჭიდრო კავშირი დაამყარეს მოსკოვთან, რასაც პოლონელი პოლიტიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ვარშავის მთავრობა სკეპტიკურადაა განწყობილი ვლადიმერ პუტინის რუსეთის მიმართ და მას რეგიონში საბჭოთა გავლენის აღსადგენად, აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ობიექტი გახდა. „რუსეთი ძალების მობილიზებას ახდენს უკრაინის გარშემო, აშშ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ევროპაში და მორავიეკი ბუდაპეშტში ქმნის პუტინის მომხრე პოლიტიკურ ბლოკს ორბანთან და სალვინისთან ერთად“,- დაწერა პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა Twitter-ზე.

მსგავსი მოლაპარაკების ყველაზე დიდი მხარდამჭერი ვიქტორ ორბანია. ის ევროპის სახალხო პარტიიდან გაგდების შემდეგ, ევროპაში გავლენის დაბრუნებას ცდილობს. ეს მოჰყვა უნგრეთის ცხოვრების ყველა ასპექტში მისი ძალაუფლების კონცენტრაციისთვის მრავალწლიან ბრძოლას და კრიტიკას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესუსტებისთვის.

თუ პოპულისტი ლიდერების გაერთიანება რეალობად იქცევა, ის ევროპაში სიდიდით რიგით მესამე პოლიტიკური ჯგუფი გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვოლტან საიმონი და ვოიცეხ მოსკვა