LIVE

მიწოდების ჯაჭვში ფასების ზრდა მომხმარებლებისკენ მიიწევს

04 აპრ 202113:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1705
მიწოდების ჯაჭვში ფასების ზრდა მომხმარებლებისკენ მიიწევს
Bloomberg

გლობალური მომარაგების ჯაჭვში შეფერხებებს ერთი ნაკლებად გამოკვეთილი გვერდითი ეფექტი აქვს - ავეჯიდან დაწყებული მანქანებით დამთავრებული, ყველაფრის წარმოების და დისტრიბუციის ფასი იზრდება. 

ამ ფაქტის გავლენა მომხარებლების ჯიბეზე გაცილებით უფრო შეუმჩნეველი და არათანაბარია, ოღონდ ჯერჯერობით. 

აშშ-ში 3M-მა აღნიშნა, რომ გადაზიდვების ტარიფების ზრდა მათი საქონლის შიპინგის აძვირებს, ხოლო სათამაშოების მწარმოებელი Mattel-ი აღნიშნავს, რომ პლასტმასი გაუძვირდა. ზოგიერთმა სათამაშოებით მოვაჭრემ პროდუქტი უკვე 15% -ით გააძვირა. ჩინეთში ავეჯი ძვირდება იმის გამო, რომ ძვირდება მისი წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია.

ძნელი მისახვედრი არ არის, თუ როგორ მიეწყო მოვლენები ერთმანეთს: მწარმოებლებმა პანდემიის დასაწყისში წარმოება შეამცირეს იმის შიშით, რომ ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალი იქნებოდა, შესაბამისად მოხმარებაც შემცირდებოდა. თუმცა, მოხდა საპირისპირო: მომხარებლებმა ხარჯვა გააგრძელეს, მოთხოვნა ძალაში დარჩა  და ზოგ შემთხვევაში გაძლიერდა კიდეც. ამას დაერთო რიგი ქვეყნების მიერ მოქალაქეებზე ფულადი დახმარებების გაცემა. ეს კარგია, თუმცა მწარმოებლები მზად არ ღმოჩნდნენ ამისთვის და ამან მოთხოვნა-მიწოდებაში დისბალანსი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ახლა ხშირად გვესმის, რომ მიწოდების მხარეს დანაკლისია.

ლოგისტიკის პრობლემები დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა ამ დანაკლისის გაღრმავებაში. გადაზიდვების ინუდუსტრიას არ აღმოაჩნდა სამარისი საკონტეინერო გემები, რამაც ტრანსპორტირების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ახლა იმდენად მწვავეა, რომ გადაზიდვისთვის საჭირო დრო და შეფერხებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე თვალსაჩინოა, თანაც მზარდი. 

ინფლაციური ზეწოლა მიწოდების ინდუსტრიის პრობლემების ფონზე ზრდას განაგრძობს და ამას ემატება ფასების მოულოდნელი ზრდის ფაქტორები.  რიგი მწარმოებლები მარაგებს ქმნიან, რომ სამომავლო მიწოდებაში გაუგებრობები აირიდოს თავიდან. ეს კი, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვის დანაკლისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

მომხმარებლები ჯერჯერობით ვერაფერ დრამატულს ვერ ამჩნევენ, რადგან ფასების ზრდა წარმოების და დისტრიბუციის ეტაპებზე აისახა, ხოლო საცალო ფასები შედარებით შენარჩუნდა. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ეს ისეთი ერთჯერადი მოვლენა არ არის, როგორც მაგალითად გაძვირებული თოვლის ნიჩბები ყივნის დროს.

გარდა ამისა, არსებობს ფასი, რომელსაც მაინც მომხმარებლები იხდიან, იმ შემთხვევაშიც, როცა მწარმოებლები ცდილობენ წარმოების ხარჯები დაბალ ნიშულზე შეინარჩუნონ.

მაგალითისთვის ავიღოთ ელექტრომობილების ბატარეები. ქიმიური ნივთიერებების ფასები, როგორიცაა ლითიუმის კარბონატი და ლითიუმის ჰიდროქსიდი, 60% -ით გაიზარდა. ეს, სავარაუდოდ, გაზრდის ბატარეების ფასებს ან სულ მცირე გაართულებს მათ შემცირებას, რისი მოლოდინიც ამ დრომდე არსებობდა  ელექტრომობილების ბაზრის ზრდის გამო. ამ დრომდე, მწვანე ავტომობილების ხელმისაწვდომობის ყველაზე დიდი ბარიერი სწორედ ფასია, ფასს კი უმეტესწილად ბატარეა განაპირობებს.

Goldman Sachs მიიჩნევს, რომ თუ ნიკელის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, ტონაზე 50,000 დოლარს, ეს თითო ელექტრომობილის ფასს 1250-1500 დოლარით გაზრდის. სამომხმარებლო ფასის ზრდის ალტერნატივა მწარმოებლებისთვის მხოლოდ ის იქნება, რომ არსებული ფასი შეინარჩუნონ, ხოლო სანაცვლოდ უფრო იაფფასიანი ტექნოლოგია გამოიყენონ, რათა გაყიდვები არ შეუმცირდეთ. საბოლოოდ, მაინც მომხმარებელი დაზარალდება.

კომპანიები ზეწოლის შემსუბუქების გზებს ეძებენ, თუმცა სიტუაციიდან თავის დაღწევის გეგმა არავის აქვს, გარდა იმ იმედისა, რომ  ეს დროებითია და Covid-19-თან დაკავშირებული შეფერხებები ადრე თუ გვიან დასრულდება. თუმცა, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გარდაუვალი წინაპირობა გლობალური მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაა, რაც ასევე შეფერხებებით მიმდინარეობს. მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის გადაჭრის გზა კი ჯერ არავის მოუფიქრებია.

ამასობაში, გადაზიდვის ტარიფები და ნედლეულის ფასი ზრდას აგრძელებს. ტრანსპორტირების გაძვირებამ საქონლის ფასი შესაძლოა დიდად არ გაზარდოს ნორმალურ პირობებში, თუმცა როცა ის საკმაოდ მკვეთრად იზრდება - როგორც ახლა - სადმე აუცილებლად აისახება. მიწოდების ჯაჭვმა კი, შესაძლოა ვეღარ შეძლოს მზარდ დისბალანსთან გამკლავება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ყავის და ახალი მატრასის ფასი ხვალვე დრამატულად გაიზრდება. ჯერჯერობით მომხარებელი მნიშვნელოვნად არ გრძნობს ამ ზრდას და ხშირად ვერც ამჩნევს, მაგრამ მწარმოებლებს მაინც მოუწევთ, ადრე თუ გვიან ფასების ზრდის ტვირთი მომხმარებელსაც გაუნაწილონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯანი ტრივედი