
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზული პრობლემების არსებობაში ადანაშაულებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს ბრალდებებს მკვლელობის, წამების, პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების პატიმრობისა და დევნის შესახებ.
ანგარიშის თანახმად:
- სამოქალაქო ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, მაგრამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციის გამოძიებისა და დასჯის მექანიზმები არაადეკვატურია;
- 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიციელი, სამხედრო და სასამართლო სისტემის ათიათასობით წევრი და დახურა 1 500-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ტერორიზმთან და ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო;
- პრობლემად რჩება თანამდებობის პირების დაუსჯელობა - მთავრობამ შეზღუდული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ძალების წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების მიმართ გამოძიების, დევნისა და დასჯის მიზნით, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებში;
- ათიათასობით ადამიანის დაპატიმრება და დაკავება, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, პარლამენტის ყოფილი წევრების, იურისტების, ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აშშ-ის მისიის თანამშრომლების „ტერორისტულ“ ჯგუფებთან კავშირის ან მშვიდობიანი პროტესტის გამო;
- გამოხატვის თავისუფლების, პრესისა და ინტერნეტის შეზღუდვები, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა მთავრობის პოლიტიკის ან თანამდებობის პირების კრიტიკისთვის, აგრეთვე ცენზურა და ვებსაიტების დაბლოკვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაქაოღლუ