LIVE

Apple-ი Apple Watch-ის უფრო გამძლე ვერსიის გამოშვებას გეგმავს

26 მარ 202122:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
Apple-ი Apple Watch-ის უფრო გამძლე ვერსიის გამოშვებას გეგმავს
David Gray/Bloomberg

Apple-ი Apple Watch-ის ახალი ვერსიის გამოშვებას მყარი და ექსტრემალურ პირობებში უფრო გამძლე სამაჯურით და ქეისით განიხილავს.

ახალი დიზაინის სამიზნე აუდიტორია სპორტსმენებს, მოლაშქრეებს და სპორტის სხვა სახეობებით დაკავებულ ადამიანებს მოიცავს, ვინც მოწყობილობას უფრო ექსტრემალურ გარემოში იყენებენ. Apple Watch- ის ახალი ვერსიის წარდგენა 2021 წლის ბოლოსთვის, ან 2022 წლის დასაწყისისთვის განიხილება.

Apple-ის ჭკვიანი საათების სპორტსმენებში უკვე პოპულარულია. კომპანიამ  ყოველწლიური განახლებების საშუალებით, არსებულ მოდელებს სპორტული აქტივობებზე გათვლილი რამდენიმე ფუნქცია უკვე დაამატა. თუმცა, Casio-ს და საათების სხვა ცნობილი ბრენდების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ როგორც წესი, დამატებითი დაცვის გათვალისწინებით შემუშავებული დიზაინი საათის გაყიდვებს ზრდის.

Apple-ი დამატებითი დაცვის, უფრო უხეში დიზაინის საათის ვერსიას პირველად არ განიხილავს. თუმცა, თუ ამჯერად კომპანია გეგმებს განახორციელებს, ახალი ვერსია იქნება სერიის დამატებითი მოდელი, როგორც Apple Watch-ის დაბალფასიანი ვარიანტი-Apple Watch SE და სპეციალური გამოცემები Nike -თან და Hermes-თან კოლაბორაციაში. როგორც ცნობილია, პროდუქტს იგივე ფუნქციონირების მოდელი ექნება, როგორც სტანდარტულ Apple Watch-ს, მაგრამ გარე ზემოქმედებისგან უფრო დაცული იქნება, Casio- ს G-Shock-ის საათების მსგავსად.

როგორც წესი, კომპანია ახალ მოდელებს სექტემბერში უშვებს. გასულ წელს, მან არსებულ მოდელებს ჭკვიანი საათის შედარებით იაფიანი ვერსია, Apple Watch SE და Apple Watch Series 6 დაამატა.

კომპანიისთვის Apple Watch-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა. თუმცა, ამ კონკრეტული კატეგორიის წლიურ შემოსავალს Apple-ი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. აქსესუარების კატეგორიამ, რომლის ნაწილიც Apple Watch-ია, გასულ ფისკალურ წელს, კომპანიის გაყიდვებში $30 მილიარდზე მეტი შეადგინა. აქსესუარების კატეგორგია Apple- ის ყველაზე წარმატებული პროდუქტის კატეგორიაა iPhone-ის შემდეგ.

Counterpoint-ის კვლევის თანახმად, Apple-მა 2020 წლის ბოლო კვარტალში ჭკვიანი საათების ბაზრის 40%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი