LIVE

მწვანე ფინანსების მწვანე პერსპექტივა

28 თებ 202415:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1944

მწვანე დაფინანსების გლობალური ბაზრის შარშანდელი ზომა 4.18 ტრილიონ დოლარად შეაფასა Spherical Insights & Consulting-მა და ასევე ივარაუდა, რომ 2033 წლისთვის ეს მაჩვენებელი 28,71 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 21.25%-ზეა გათვლილი.

რა არის მწვანე/მდგრადი დაფინანსება

მდგრადი, იგივე მწვანე დაფინანსება, ისეთი აქტივობის ფინანსურ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას გულისხმობს, როგორიცა სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა - მაგალითად, დეკარბონიზაცია (ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება) ან ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა. მდგრადი დაფინანსება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მათ შორის: პირდაპირი ინვესტირება მწვანე ინიციატივაში; ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც კლიმატის მიმართულია კლიმატის ცვლილების განეიტრეალებაზე, ან ცნობიერების გაზრდაზე ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჯანდაცვაზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემოსავლის თანასწორობა და შრომითი უფლებები.

Spherical Insights & Consulting-ის შეფასების თანახმად, მდგრადი დაფინანსების პორტფელში ბოლო დროს განსაკუთრებით მზარდია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, ანუ მწვანე და მდგრადი ბონდების პოპულარობა. განსაკუთრებით კი მწვანე ბონდების და ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება.

მწვანე ინვესტიციები საქართველოში

ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ბოლო ანგარიშის თანახმად, ქართულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მწვანე, სოციალური და მდგრადობასთან დაკავშრიებული ობლიგაციების გამოშვება. მაგალითად 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე ამ ტიპის ობლიგაციების მოცულობა $188 მილიონამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

მათ შორის, 2023 წლის ივლისში, „თეგეტა ჰოლდინგმა”, 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა, რაც მწვანე ობლიგაციის პირველი განთავსება იყო ეროვნულ ვალუტაში. ემისიის შედეგად მიღებული თანხა კი მთლიანად მწვანე პროექტებს უნდა მოხმარდეს, რამდენადაც კომპანია გეგმავს დააფინანსოს ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და 70 ახალი დასამუხტი სადგური.

ასევე, ფინასურ ინსტიტუტებს შორის პირველმა განათავსა ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები „თიბისი ლიზინგმაც“. ამ ფასიან ქაღალდებში ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, თანხა საპენსიო ფონდმაც დააბანდა. კომპანია გეგმავს, ობლიგაციის ემისიის შედეგად მიღებული თანხით სალიზინგო პორტფელის ზრდა დააფინანსოს.

Greenwashing-ის რისკები და რეგულაცია

იმ ფონზე, როცა მდგრადი დაფინანების და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით აქტივობა მზარდია, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას იმისთვის, რომ მწვანე, სოციალური, გენდერული თუ მდგრადობის სახელით გამოშვებული ბონდები და მათი მეშვეობით დაფინანსებული პროექტები რეალურად აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს და არ იყოს შეცდომაში შემყვანი ინვესტორებისთვის თუ საზოგადოებისთვის, ანუ არ წარმოადგენდეს ე.წ. Greenwashing-ის მცდელობას.

ეროვნულმა ბანკმა „მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების“ წესის პროექტი საჯარო განხილვისთვის 27 თებერვალს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, იმისთვის, რომ ობლიგაციას შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს და შეუნარჩუნდეს, სავალდებულო გახდება ექსპერტის შეფასება. ამასთან, "მწვანე", "სოციალური" და მათ შორის, "გენდერული" ან "მდგრადი" სტატუსის მინიჭება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციებისთვის, სადაც მოზიდული სახსრებით ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიით ან ეკვივალენტური საერთაშორისო ტაქსონომიით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება. მარეგულირებელი პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა შენიშვნებს 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით ელის.

სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).