LIVE

2021-2022 წლებში ბორჯომის მერიამ საკუთარი საქმიანობის რეკლამაში 164 ათასი ლარი დახარჯა

04 თებ 202417:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 586
2021-2022 წლებში ბორჯომის მერიამ საკუთარი საქმიანობის რეკლამაში 164 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახურის მიმოხილვის თანახმად, ბორჯომის მერიამ 2021-2022 წლებში საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის 163 900 ლარი დახარჯა.

„აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად იყო აუცილებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტში სხვა ფინანსური თუ ინფრასტრუქტურული ხარვეზებიც გამოავლინა. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 2,1 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. დამატებით, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც 162 400 ლარი არაეფექტიანად დახარჯა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ნაწილში, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება უნებართვო და ვადაგადაცილებული მშენებლობები. აუდიტის სამსახური ორივე მიმართულებით, მერიის სუსტი მონიტორინგის მექანიზმებზე მიანიშნებს.

„მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგი, არ დაიცვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები სამუშაოების დროულად დასასრულებლად. შედეგად, მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა მინიმუმ 214.6 ათას ლარს.

მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ბორჯომში კვლავ პრობლემად რჩება წყალმომარაგების პრობლემა. აუდიტის შედეგების თანახმად, მერიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება. ეს პრობლემა ქალაქისთვის სისტემურია, თუმცა მერიას მის მოსაგვარებლად სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.