LIVE

არაეფექტიანი ხარჯვა და სხვა ხარვეზები - აუდიტის სამსახური ახალციხის მერიაზე

04 თებ 202412:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
არაეფექტიანი ხარჯვა და სხვა ხარვეზები - აუდიტის სამსახური ახალციხის მერიაზე

მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 685.8 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშში

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 37% და 47% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

აუდიტის სამსახურის თანახმად, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ნაწილში შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვა და მართვა - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის პროცედურები დაიწყო შესაძლო პრობლემების გათვალისწინების გარეშე და სამუშაოების მიმდინარეობის დროსაც პროცესი ოპერატიულად ვერ წარმართა. შედეგად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა ან დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 165 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.

უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა დაგეგმილი სამუშაოების მიწოდების ვადებს და აუარესებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,856.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.