
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა იწყება, რომელიც ითვალისწინებს ახალი მიდგომების დანერგვას. მათ შორის, ოჯახის ექიმების როლის გაზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც სოფლად, ისე ქალაქის მასშტაბით.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, რეფორმის სწორად განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეზოგება ჯანდაცვაზე გასაწევი ხარჯი, რამდენადაც მოქალაქეები საჭირო დახმარებას ოჯახის ექიმის დონეზე და ჩვეულებრივ ამბულატორიაშიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ეროვნული დანახარჯი გასულ წელს 3.5 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 60%-ზე მეტი სამედიცინო სერვისებზე მოდის. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კი ჰოსპიტალურს და ამბულატორიული სერვისებზე იხარჯება, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წილი 2015 წლის შემდეგ 37-42%-ის ფარგლებშია.
კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირველადი ჯანდაცვის როლი საკმაოდ დიდია და დღის წესრიგში ორი ძირითადი პრობლემური საკითხი დგას: არასათანადო ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია.
„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, თუ რა დაუჯდება სექტორს ამ რეფორმის განხორციელება ისე, რომ ქვეყანამ სრულფასოვანი შედეგი მიიღოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საინვესტიციო პაკეტებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი პროგნოზით, პირველადი ჯანდაცვის გამართვას წელიწადში დაახლოებით 15-20 მლნ ლარის ინვესტიცია დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა, პროცესში აქტიურად იყო ჩართული "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია". პირველადი ჯანდაცვის რეფორმა პირველი ივნისიდან დაიწყება.