LIVE

მედიკამენტებზე ₾1.3 მილიარდიანი ხარჯი კვლავ მოსახლეობის ჯიბეს აწვება

19 მარ 202122:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
მედიკამენტებზე ₾1.3 მილიარდიანი ხარჯი კვლავ მოსახლეობის ჯიბეს აწვება

სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე გაიზარდა 2014-20 წლებში, თუმცა ჯიბიდან გადახდების წილი კვლავ მაღალია - ნათქვამია ფონდი "კურაციოსა" და Galt&Taggart-ის ერთობლივ კვლევაში.

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის მთლიანი ეროვნული დანახარჯიდან, რამაც გასულ წელს 3.5 მლრდ ლარს მიაღწია, 36.9% წმინდა ფარმაცევტული, ანუ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯია, რომელსაც ძირითადად (96%) მოსახლეობა იხდის საკუთარი ჯიბიდან. გამოდის, რომ ჯანდაცვაზე ქვეყნის მიერ გაწეული ხარჯიდან დაახლოებით 1.3 მილიარდი მიდის მედიკამენტებზე და ეს ხარჯი ფაქტობრივად სრულად მოსახლეობის ჯიბეს აწვება.

დანარჩენი თანხა სამედიცინო სერვისების მიწოდებას ხმარდება, რომლის უმეტესი ნაწილი ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისებზე იხარჯება და ამ ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 2015 წლის შემდეგ 37-42%-ის ფარგლებშია.

გამოდის, რომ მთლიან ეროვნულ დანახარჯებში დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხებია, მიუხედავად იმისა, რომ გასული შვიდი წლის განმავლობაში სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილი 21%-დან 42%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი 2014-2020 წლებში 61%-ით არის გაზრდილი.