
2023 წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გაიყიდა.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ რუსეთის ბაზარზე 541 მლნ 728 ათასი აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 19.4%-ია.
საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასე ჩამოყალიბდა: რუსეთი (541 მლნ 728 ათასი აშშ დოლარი), თურქეთი (343 მლნ 787 ათასი აშშ დოლარი) და ჩინეთი (270 მლნ 22 ათასი აშშ დოლარი).
საქსტატის თანახმად, საქართველოდან რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა წლიურად 2.8%-ით გაიზარდა, თურქეთსა და ჩინეთში კი შესაბამისად, 12.7%-იანი და 61.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
ჯამში 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 24.4%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელში ყოველ თვე კლება ფიქსირდება.
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. უფრო დეტალურად, უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ასე გამოიყურება:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 474.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17%);
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 257.7 მლნ აშშ დოლარი (9.2%);
- ფეროშენადნობები - 180.7 მლნ აშშ დოლარი (6.5%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტმა 6.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8% იყო და 2.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.