2023 წლის დეკემბერში თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 28%-ით გაიზარდა.
TBC Capital-ის თანახმად, 12%-ით მოიმატა უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობამ.
სურსათი
2023 წლის დეკემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპმა, თიბისი ბანკის არხებით, 15% შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე დეფლაციის გათვალისწინებით (წლიური -27%), ეს მომხმარებლის დანახარჯების რეალურ მაჩვენებლებში ზრდაზე მიუთითებს. რაც შეეხება სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯს, რამდენიმეთვიანი სტაბილური ნიშნულის შემდეგ, 18 ლარს გაუტოლდა.
ტანსაცმელი და აქსესუარები
მიმოხილვის თანახმად, უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია. კერძოდ, დეკემბერში უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, 11%-ს შეადგენდა. ტრანზაქციის საშუალო ღირებულება მზარდი ტენდენციის შემდეგ შემცირებას განაგრძობს და დეკემბერში 102 ლარს გაუტოლდა.
სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვა
დეკემბერში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 9%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე, 2022 წელთან შედარებით, ასევე გაიზარდა და 13% შეადგინა.
უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტზე, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურია და წლიურად 17% შეადგინა, სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯები კი წლიურად 19%-ით გაიზარდა.
საწვავი და ავტომობილის შეკეთება
TBC Capital-ის შეფასებით, 2023 წლის სექტემბრიდან საწვავზე ფასების ზრდა უნაღდო დანახარჯებზეც აისახა და დეკემბერში წლიურმა ცვლილებამ, თიბისი ბანკის არხებით, 16% შეადგინა. მეორე მხრივ, ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირებას განაგრძობს და დეკემბერში 51 ლარს გაუტოლდა.
მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 18%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე კი 75 ლარს გაუტოლდა.