
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფარმასი“ და შპს „პიქსელ ტაჩი“ მის მიერ დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
სააგენტოს განცხადებით, შპს „ფარმასის“ ჯარიმა 4269,7 ლარს, ხოლო „პიქსელ ტაჩის“ ჯარიმა 11 859,5 ლარს შეადგენს.
უწყება განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრება კომპანიებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
"ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კონკურენციის სააგენტოში შევიდა 578 განაცხადი, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.