ISET-ის აგრო მიმოხილვის თანახმად, მანდარინის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიუხედავად, საქართველოში ციტრუსის მოყვანა მაინც მცირდება.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ექსპორტი მზარდია და 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, ციტრუსის თითქმის 60% რუსეთში გაიყიდა.
„ციტრუსის წარმოების შემცირების მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი ზოგადად მზარდი, მაგრამ ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება.
ექსპორტირებული პროდუქტის 99%-ზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, ევროკავშირში კი - მხოლოდ 1%. საყურადღებოა, რომ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ციტრუსის 58% რუსეთში მიდის, რაც დარგის დსთ-ის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს“, - აღნიშნულია ISET-ის აგრო მიმოხილვაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.