
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა.
საკითხი ეხება 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგისა“ და იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს, შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა.
სააგენტოს ინფორმაციით, იოსებ თათარაშვილს აქვს კონტროლი შპს „სუფთა სახლზე“. შესაბამისად, კონცენტრაციის შესწავლის მიზნით, კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შპს „შარმ ტრეიდინგის“ და შპს „სუფთა სახლის“ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ბაზარზე.
„სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზარი როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონეზე. რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ბაზრის იმპორტის დონის მოცულობა შეადგენს 1 204 837 208 ლარს, კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=192.9 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=194.6 ერთეულია. შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება ΔHHI=1.70. რაც შეეხება საბითუმო და ასევე საცალო მიწოდების დონეს, ამ შემთხვევაშიც ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და ინდექსი შეადგენს HHI=458 და HHI=648 ერთეულს.
აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სააგენტომ განიხილა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორციელებული კონცენტრაცია და მისი თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან, რის შედეგადაც, კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან დასაშვებად იქნა ცნობილი“, - აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, 2023 წელს სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
შეგახსენებთ, სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით აღემატება 20 მილიონ ლარს, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ 2 პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა კი - 5 მილიონ ლარს.