
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის თანახმად, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს.
2023 წლის ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 2.7%-ით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 15.4%-ით. რაც შეეხება თვის ჭრილში ტენდენციას, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.8%-ით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 1.9%-ით გაუფასურდა.
„ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან ნოემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში - დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.