LIVE

საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული - ეროვნული აღრიცხვის შედეგები

27 დეკ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული - ეროვნული აღრიცხვის შედეგები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% ტყით არის დაფარული. ამ მაჩვენებლებით საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში შედის.

ანგარიშის თანახმად საერთო ტყის ფართობი, მათ შორის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, 3,1 მილიონ ჰექტარს, ხოლო მარაგი 528,2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი - 78,5 მილიონი კუბური მეტრი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის. ქვეყნის სხვა რეგიონებში ხე-ტყის მარაგები ასე ნაწილდება:

  • იმერეთი - 74,4 მლნ მ³,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70,1 მლნ მ³,
  • კახეთი - 68,4 მლნ მ³,
  • აჭარა - 62,1 მლნ მ³,
  • სამცხე-ჯავახეთი - 55,2 მლნ მ³,
  • მცხეთა-მთიანეთი - 34 მლნ მ³,
  • შიდა ქართლი - 32,1 მლნ მ³,
  • გურია - 27,6 მლნ მ³,
  • ქვემო ქართლი - 24,8 მლნ მ³,

საქართველოს ტყეების უმეტესი ნაწილი(დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) - 83% (1,8 მლნ ჰა) დაფარულია ფოთლოვანი ხის სახეობებით. წიწვოვანი ტყე კი მთლიანი ფართობის 17%-ია და 388 ათასი ჰექტარს შეადგენს. შესაბამისად, ხე-ტყის მოცულობის მიხედვითაც, 72,4% (328,6 მლნ) ფოთლოვან სახეობებზე ნაწილდება, 27,6% (145,6 მლნ) კი წიწვოვანი სახეობის ტიპზე.

ეროვნული აღრიცხვიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ტყით დაფარული ფართობის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 807 178 ჰექტარი ანუ 35.4% დეგრადირებულია. დეგრადირებული ფართობების ყველაზე მეტი წილი მოდის დაბალი სიხშირის კორომებზე, რაც მთლიანი დეგრადირებული ფართობის 44.7% შეადგენს. ანგარიში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უსისტემო ჭრების შედეგად ტყის ხარისხის შემცირებას ასახელებს - მსგავსი ფართობები დეგრადირებული ტერიტორიის 41.6% შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო 2022-2023 წლებში სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავდა.