LIVE

2015 წლის შემდეგ თბილისში უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა არ ჩატარებულა - GMC

21 დეკ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 315
2015 წლის შემდეგ თბილისში უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა არ ჩატარებულა - GMC

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) ინფორმაციით,  მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა საქართველოში და ქვეყნის დედაქალაქში ძალიან მწვავედ დგას. 

პრობლემის არსებობას აღიარებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც, სადაც გამოსავლად, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა ესახებათ, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა ყოველ წელს, საშუალოდ, ერთი და იგივეა და სურათის შეცვლისთვის საკმარისი არ არის.

GMC-ის თანახმად, 2015 წლის შემდეგ თბილისში უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა არ ჩატარებულა. ამასთან, წლებია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსება 3-4 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს. თანხის ნახევარზე მეტი კი ანაზღაურებებში, კერძოდ, თანამდებობრივ სარგოში, პრემია/ჯილდოსა და დანამატებში იხარჯება.

2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მონაცემები ასე გამოიყურება:

ქუჩებში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის შესამცირებლად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაწერილი ვალდებულებაა, მათი აღრიცხვა, შემდეგში კი კასტრაცია/სტერილიზაცია და ყოველწლიური ვაქცინირება მოხდეს. კვლევის მიხედვით, 2018-დან 2022 წლის ჩათვლით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოზე თითქმის 19 მლნ ლარი დაიხარჯა, საიდანაც მხოლოდ 25 800 ლარი მოხმარდა მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაციას. თანხის უდიდესი ნაწილი, 10 845 128 ლარი კი თანამდებობრივ სარგოსა და პრემია დანამატში დაიხარჯა.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ გამკაცრდეს კონტროლი და შინაური ცხოველების რეგისტრირებაზე და დასჯადი გახდეს ცხოველის მიტოვება, რაც ცხოველის აყვანას უფრო პასუხისმგებლობიან აქტად აქცევს.