LIVE

Facebook-ის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შესაძლოა, ტრამპი სოციალურ ქსელში დააბრუნოს

23 მარ 202119:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1341
Facebook-ის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შესაძლოა, ტრამპი სოციალურ ქსელში დააბრუნოს
MANDEL NGAN/AFP/GETTY IMAGES

უახლოეს რამდენიმე კვირაში, Facebook-ის ახალი სამეთვალყურეო საბჭო გამოაცხადებს, მიეცემა თუ არა დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლება. სხვა შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, სავარაუდოა, რომ საბჭო, ტრამპს დაბრუნების უფლებას მისცემს.

სოციალურ ქსელში დაბრუნება ხელს შეუწყობს ტრამპის მცდელობას, დარჩეს დომინანტ ფიგურად რესპუბლიკურ პარტიაში. ტრამპის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს სხვა პლატფორმებზე, მათ შორის Twitter-სა და YouTube-ზე, რომლებმაც ექსპრეზიდენტს ანგარიში ძალადობის საფრთხის გამო გაუუქმეს.

Facebook-ს საკმარისი მიზეზი ჰქონდა ტრამპის 35 მილიონი გამომწერისგან ჩამოსაშორებლად. ტრამპმა თვეების განმავლობაში, არაერთი სოციალური მედიის პლატფორმა გამოიყენა, რათა შეესუსტებინა საზოგადოების ნდობა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ.

მან იანვარში მომხრეები კაპიტოლიუმისკენ მიმართა, სადაც კონგრესი ოფიციალურად ადასტურებდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 140 პოლიციელი დაშავდა. Facebook-მა პრეზიდენტის ანგარიშის გაუქმების შემდეგ განაცხადა, რომ ცდილობს ხელი შეუშალოს „პლატფორმის გამოყენებას დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობრივი აჯანყების გასაღვივებლად“. შემდეგ, კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასცა სამეთვალყურეო საბჭოს, კვაზი-სასამართლო ორგანოს, რომელიც 2020 წელს შეიქმნა შინაარსის შესახებ გადაწყვეტილებების განხილვისთვის. საბჭო შედგება 20 აკადემიკოსის, იურისტისა და საზოგადო მოღვაწისგან მთელი მსოფლიოდან. ზოგიერთი დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ Facebook-მა სამეთვალყურეო საბჭო შექმნა, როგორც „ჭკვიანური ფიქცია“ პლატფორმაზე სადაო შინაარსის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook პირობას დებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დაემორჩილება საბჭოს გადაწყვეტილებებს, კომპანია არ არის ვალდებული, გამოიყენოს პრინციპები, რომლებსაც საბჭო მილიონობით მსგავს შემთხვევაში იყენებს.

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა სამეთვალყურეო საბჭოს დაარსების შესახებ კიტ კლონიკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს პასუხისმგებლობის მოხსნას. „ამის გაკეთების მიზეზი არის ის, რომ ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ჩვენ ავაშენებთ სტრუქტურას, რომელსაც ენდობა ხალხი, ეს ხელს შეუწყობს ლეგიტიმურობის შექმნას და უზრუნველყოფს რეალურ კონტროლს“,- აღნიშნა მან.

სამეთვალყურეო საბჭოს მიდგომა ხელს უწყობს ტრამპის ანგარიშის აღდგენას. Facebook მკაცრად არ შემოიფარგლება კონსტიტუციის პირველი შესწორებით, რომელიც ზღუდავს მთავრობას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ თავდაპირველ გადაწყვეტილებაში, საბჭო სკეპტიკურად უყურებდა Facebook-ის საკუთარ "საზოგადოების სტანდარტებს", რაც ხაზს უსვამს იმ წესების ბუნდოვანებას, რომლითაც კომპანიამ წაშალა შინაარსი. იგი ასევე ცდილობს შეზღუდოს სადავო შეტყობინებების რეალური კონტექსტი უფრო ვიწრო გაგებით - მიდგომა, რომლის საშუალებითაც შეიძლება შემცირდეს პოტენციური ზიანი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საეჭვო სიტყვამ. თუ ისინი ტრამპის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ტენდენციები დაეხმარება მას.

სხვა შემთხვევაში, საბჭომ გააუქმა პოსტი პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ, რომელიც მოხსენიებული იყო როგორც Covid-19-ის „სამკურნალო საშუალება“. ეს ცნობა სამეცნიერო მტკიცებულებებით არის უარყოფილი. Facebook-მა პოსტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში წაშალა. კომპანიამ პირობა დადო, რომ შეებრძოლება ყალბი წამლებისა და სხვა სამედიცინო ტიპის დეზინფორმაციას. მაგრამ სამეთვალყურეო საბჭო უკმაყოფილო იყო Facebook-ის „არაადეკვატურად ბუნდოვანი“ სახელმძღვანელო პრინციპებით და დაასკვნა: „პოლიტიკის პაკეტი მომხმარებლებს ურთულებს იმის გაგებას, თუ რა სახის შინაარსის მასალის დადება არის აკრძალული“.

ეს ყველაფერი გვაბრუნებს ტრამპთან. საქმე ორ პოსტს ეხება, რომლებიც 6 იანვრით თარიღდება. პირველ შემთხვევაში, ტრამპი გამოჩნდა ვიდეოში, როდესაც მეამბოხეები არბევდნენ კაპიტოლიუმს. „ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომლებიც მოგვპარეს“,- უთხრა მან ამბოხებულებს. ტრამპმა მათ სახლში წასვლისკენ მოუწოდა, მაგრამ დაამატა: „ჩვენ გვიყვარხართ. თქვენ განსაკუთრებული ხარ“. მოგვიანებით მან თქვა: „ეს ხდება, როდესაც არჩევნების წმინდა დამაჯერებელი გამარჯვება ასე უცერემონიოდ და ბოროტად წაართვეს დიდ პატრიოტებს, რომლებსაც არასათანადოდ და უსამართლოდ ეპყრობიან წლების განმავლობაში“.  

საქმის ეს სტრუქტურა მიგვითითებს იმაზე, რომ საბჭომ შეიძლება ადეკვატურად არ განიხილოს უფრო ფართო კონტექსტი. კიდევ ერთი შესაძლო სიგნალი, რამაც ტრამპს გარკვეული ნდობა უნდა მისცეს, არის საბჭოს განცხადება საქმის წინასწარი მიმოხილვის შესახებ, რომ არ არის ნათელი, თუ რომელი წესი დაარღვია ტრამპმა. ადრინდელ გადაწყვეტილებებში საბჭომ მიუთითა ამ სახის ბუნდოვანებაზე კომპანიის სანქციების გაუქმების გასამართლებლად.

პოლიტიკური ლიდერის ფართოდ გამოყენებული პლატფორმიდან მოხსნა, უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს. ეს ავიწროებს პოლიტიკური დებატების ფარგლებს და შეუძლია ამომრჩეველს წაართვას ღირებული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში, Facebook-მა უნდა გამოიყენოს ჯარიმები, მაგალითად, შინაარსის ეტიკეტირება, როგორც შეცდომაში შემყვანი, ან შეზღუდოს მისი გავრცელება.

Facebook-ს არ ეკისრება ვალდებულება, ხელი შეუწყოს გამოსვლებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და იწვევს ძალადობას, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭომ, მისი ბიუროკრატიული იმპერატივებისა და ანალიტიკური მიდგომის შედეგად, შესაძლოა კვლავ აღადგინოს ტრამპი Facebook-სა და Instagram-ზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ბარეტი