LIVE

პანდემიამ საკრედიტო ბარათების ლიმიტებს $99 მილიარდი მოაკლო

26 მარ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
პანდემიამ საკრედიტო ბარათების ლიმიტებს $99 მილიარდი მოაკლო
Bloomberg

აშშ-ის საკრედიტო ბაზარზე დომინანტმა 14-მა კრედიტორმა, რომლებიც ჯამში $4 ტრილიონს გასცემენ კრედიტის სახით, 2020 წელს, საკრედიტო ბარათების ხარჯვის ლიმიტები $99 მილიარდით შეამცირეს. 

კრედიტის ლიმიტის შემცირების ტალღაში ლიდერია Capital One Financial, რომელმაც 2020 წლის ბოლოს ლიმიტები $30 მილიარდით შეამცირა. Citigroup-ისა და JPMorgan-ის შემთხვევაში, კი ლიმიტების კლება $19 მილიარდია.

კრედიტორების ეს გადაწყვეტილება ძირითადად ფინანსურად მოწყვლად ოჯახებს შეეხო, რომელთა უმეტესობა საგანგებო სიტუაციებისთვის საკრედიტო ბარათების იმედად არის. საკრედიტო ლიმიტის შემცირება აშშ-ში ეკონომიკურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამ ფონზე, ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობის მქონე ამერიკელებმა, თანხები შეინარჩუნეს და ახლა დაახლოებით $1,7 ტრილიონი აქვთ დამატებითი დანაზოგის სახით, რაც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პოსტ-პანდემიურ ხარჯვას მოხმარდება და ეკონომიკის დაჩქარებულ ზრდას შეუწყობს ხელს. 

მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ მილიონობით ადამიანი პანდემიიდან ფინანსურად დასუსტებული გამოვა, კრედიტის ლიმიტის შემცირება მათთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას კიდევ უფრო გაართულებს.

"დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს გაუჭირდებათ საკრედიტო ბარათების გარეშე გადარჩენა. მათ ეს კრედიტი სჭირდებათ, რადგან სხვა არავინ მისცემს სესხს, ან მისცემს ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთით," ამბოს დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სკოტ შუ.  

კრედიტორების სიფრთხილე მზარდი უმუშევრობით, ვაჭრობასა და ეკონომიკაზე ლოქდაუნების ნეგატიური გავლენით აიხსნება. თავად ფინანსური ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ გადახდისუუნარობისკენ მიდრეკილი მომხმარებლებისთვის კრედიტის გახანგრძლივებამ მათი მდგომარეობიდან ამოსვლა შესაძლოა, უფრო გაართულოს.

2020 წლის შუა პერიოდისთვის ფედის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკების გასესხების სტანდარტი ბოლო 15-წლიან მაქსიმუმზეა. საკრედიტო ბიუროს მონაცემები კი მოწმობს, თუ ვინ ზარალდება ყველაზე მეტად ამ მიდგომის გამო. TransUnion-ის შეფასებით, მსესხებლებს დაბალი საკრედიტო რეიტინგით ყველაზე მეტად შეუმცირდათ ლიმიტები, ჯამურად 110 მილიარდი დოლარით. შედარებით მაღალ რეიტინგიან მსესხებლებს დაახლოებით 30%-იანი კლება ჰქონდათ, ხოლო საუკეთესო ისტორიის მქონე მსესხებლებს პრიიქით ლიმიტი გაეზარდათ დაახლოებით 81 მილიარდი დოლარით.

დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის საკრედიტო ხაზების ჩანაცვლება ადვილი ამოცანა არ არის, მით უმეტეს როცა მათთვის ლიმიტის შემცირება მათსავე საკრედიტო რეიტინგს აუარესებს. საშუალო მოცულობა, რასაც ასეთი მსესხებლები იღებენ საკრედიტო ბარათით 688 დოლარი იყო გასული წლის მესამე კვარტალში, მაშინ როცა ერთი წლით ადრე $1,015-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სამი საკრედიტო ბარათი დასჭირდებათ $2000-იანი დაკარგული კრედიტის ჩასანაცვლებლად. 

საინტერესოა, რომ კრედიტზე ხელმისაწვდომობის შემცირება მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მათ შეცვლილ ქცევას. პანდემიის დროს აშშ-ში მომხმარებელთა უმეტესობამ შეამცირა ხარჯვა და მოახერხა მთავრობისგან მიღებული დაფინანსების გონივრულად განკარგვა. კვლევები აჩვენებს, რომ დავალიანების მქონე მომხმარებელთა სიფრთხილე და გონივრული ხარჯვის უნარები გაზრდილია. Equifax-ის მონაცემებით, გასულ წელს საკრედიტო ბარათებზე დაგვიანებული გადახდები 2.49%-იდან 1.89%-მდე შემცირდა. 

საგულისხმოა, რომ საკრედიტო ლიმიტის შემცირება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, გავლენას მოახდენს ვაჭრობის ზრდის ტემპზე, რაც პოსტ-პანდემიურ ეკონომიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

საბოლოოდ, სწორედ შემცირებული საკრედიტო ლიმიტების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მოსახლეობის ჯამური მოხმარება დაახლოებით 25%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შაჰიენ ნასირიპური