LIVE

1-ელი იანვრიდან კონკურენციის სააგენტოს სახელი ეცვლება

13 დეკ 202313:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 272
1-ელი იანვრიდან კონკურენციის სააგენტოს სახელი ეცვლება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდება დარედაქტირდება და მისი ახალი სახელი „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ იქნება.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება და ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები.

მიღებული ცვლილებების შესაბამისად:

  • სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარის ოდენობით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა სხვადასხვა სამართალდამცავი ან საექსპერტო უწყებების შესაბამისმა წარმომადგენლებმა მიიღონ;
  • კანონში წლიური ბრუნვის ცნება, ჩანაცვლდა ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“, რაც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ განმარტებას;
  • მიღებული ცვლილებების თანახმად, საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას;
  • კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5-დღიანი სამუშაო ვადა 10 სამუშაო დღემდე გაიზარდა. ასევე, ფიზიკურ პირს, ვისაც კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა და ამ ვალდებულებას დაარღვევს, დაეკისრება ჯარიმა, მაქსიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით;
  • „კონკურენციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების ვინაობისა და მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის გარანტიები. 

აღსანიშნავია, რომ მიღებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციისა და სააგენტოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.