LIVE

რა ელის ლარს - ეროვნული ბანკის 3 სცენარი

22 მარ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელად შენარჩუნდება, პოზიტიური სცენარის შემთხვევაში ეროვნული ვალუტა 5%-ით გამყარდება, ნეგატიური სცენარის მიხედვით კი - 10%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საბაზო სცენარი წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ითვალისწინებს, ოპტიმისტური 5%-იან ზრდას, ხოლო ნეგატიური - 1%-ს. სებ-ში განმარტავენ, რომ თითოეული სცენარის განვითარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპსა და შესაბამისად, ტურიზმის აღდგენაზე.

ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკა მოსალოდნელზე ნელი ტემპებით აღდეს და შესაბამისად, ლარიც გაუფასურდეს.

„წელს პირველ კვარტალს კვლავ ვარდნით დავასრულებთ და ამ ფონზე წლიურ ჭრილში ეკონომიკის 4%-იანი ზრდა ოპტიმისტური მგონია, ლარის კურსი კი სწორედ ეკონომიკის აღდგენის ტემპებზეა დამოკიდებული. ეროვნული ბანკის საბაზო სცენარი კი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება, წინაამღდეგ შემთხვევაში კი სავარაუდოდ, პესიმისტურ სცენარს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ.

TBC კაპიტალის ბოლო პროგნოზით, ერთი დოლარის ღირებულება წლის ბოლოს 3 ლარი და 30 თეთრი იქნება. ეს დაშვება ეფუძნება მოლოდინს, რომ დოლარი გამყარდება.