ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის (C3S) ინფორმაციით, 2023 წელი, სავარაუდოდ, ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია. წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც 1850-1900 წლების დონეს 1,46°C-ით აღემატება.
2023 წლის იანვარ-ნოემბრის ჰაერის ტემპერატურა 0,13°C-ით აღემატება აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი, 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. თავის მხრივ, მიმდინარე წლის შემოდგომა და ნოემბერი ასევე ყველაზე თბილი იყო. შედარებისთვის, ნოემბრის საშუალო ტემპერატურა - 14,22°C, 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს 0,85°C-ით აღემატებოდა.
„2023 წელს რეკორდულად ცხელი 6 თვე და 2 სეზონი ჰქონდა. გამორჩეულად თბილი ნოემბერი, ასევე ორი ყველაზე ცხელი დღე, რომელთა ჰაერის საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ პერიოდს 2°C-ით აღემატებოდა, ეს მიანიშნებს, რომ 2023 წელი ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია“,- განაცხადა C3S-ის დირექტორის მოადგილემ სამანტა ბურგესმა.
ამ შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნების მმართველები დუბაიში, COP28-ის ფარგლებში, ემისიების შემცირებასა და ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენების შეზღუდვაზე მოლაპარაკებებს მართავენ.
„მანამ, სანამ სათბური აირების კონცენტრაცია ჰაერში იზრდება, ჩვენ სხვა შედეგებს ვერ მივიღებთ. ტემპერატურა ისე, როგორც სითბური ტალღები და გვალვების რაოდენობაც გაიზრდება. წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა კლიმატის რისკების ეფექტური მართვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა C3S-ის დირექტორმა, კარლო ბუონტემპომ.
ევროკავშირს კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პოლიტიკა აქვს. 2030 წლისთვის EU მიზნად ისახავს, 1990 წლის დონეებთან შედარებით, წმინდა ემისიები 55%-ით შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დონე მინიმალურია 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად.