
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 100-მდე ოქროს ზოდია გაყიდული.
მისივე თქმით, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.
"ორშაბათს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც მცირე ზომის ოქროს ზოდების გაყიდვას ითვალისწინებს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მომხმარებლისთვის როგორც დაზოგვის, ისე ინვესტირების ახალი შესაძლებლობა შეგვეთავაზებინა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 100-მდე ზოდია რეალიზებული",- განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 დეკემბრიდან ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალისაა. ოქროს სერტიფიკატების შეძენა მომხმარებლებს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ. 20-გრამიანი ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებითაა შესაძლებელი, 1-კილოგრამიანის კი - საკასო ცენტრიდან.
რაც შეეხება გასაყიდ რაოდენობას, ეროვნული ბანკი 100-100 ცალ 20-გრამიან სერტიფიკატსა და ზოდს, ასევე 10-10 ცალ 1-კილოგრამიან სერტიფიკატსა და ზოდს გაყიდის.
მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.