
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, სებ-ი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ავსებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს.
როგორც თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია.
"ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.