LIVE

III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულები 757 900-მდე გაიზარდა - საქსტატი

04 დეკ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 324
III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულები 757 900-მდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ბიზნესსექტორში საშუალოდ 757 900 ადამიანი იყო დასაქმებული (თვითდასაქმებული და დაქირავებით დასაქმებულები). გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 4.8%-ით გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. კერძოდ, დასაქმებულების განაწილება ასეთია: 42.6% მსხვილი, 20.8% - საშუალო, 36.5% - მცირე ბიზნესი. 

ივლისი-სექტემბრის პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 721 000 ადამიანი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტი).

III კვარტალში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი) სფეროში დასაქმდა. მეორე პოზიციაზე იყო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი, მესამეზე კი - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგი. 

3 თვეში საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მლრდ 419 მლნ ლარით განისაზღვრა. წლიური ზრდა 23.4%-ია.  

III კვარტალში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 293 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მსხვილი ბიზნესი - 2 035.7 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი - 2 292.8 ლარი;
  • მცირე ბიზნესი - 1 781.6 ლარი.

რაც შეეხება, ბიზნესსექტორის ბრუნვას, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მისი მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა და 51.7 მლრდ ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ივლისი-სექტემბრის პერიოდში მისი მოცულობა 19.9 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 64.2% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.3% - საშუალოზე, ხოლო 20.5% - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობა იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე გადანაწილდა პროდუქციის გამოშვების 44.4%, საშუალოზე - 23.1%, მცირე ბიზნესზე კი - 32.5%.