
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მართვის ყველა უფლება უცხოელი აქციონერებისგან, ახალ რუსულ კომპანიას გადაეცემა.
პუტინმა ასევე დაავალა მთავრობას, შექმნას ახალი მმართველი ორგანო აეროპორტის ოპერატორისთვის. აღსანიშნავია, რომ პულკოვოს აეროპორტი მგზავრთნაკადის მიხედვით რუსეთში მეორეა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის შემდეგ.
გერმანულ კომპანია Fraport-ში, რომელიც აეროპორტის ოპერატორია, აცხადებენ, რომ ფასდება კრემლის გადაწყვეტილების შედეგები. ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, კომპანიამ უკვე ჩამოწერა ჰოლდინგის ღირებულება ნულამდე და რუსულ მხარესთან არანაირი ტრანზაქცია არ განხორციელებულა.
რაც შეეხება არსებულ ინვესტორებს, ისინი შეინარჩუნებენ წილებს, მაგრამ ვერ შეძლებენ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, რადგან ამ უფლებით მხოლოდ რუსი აქციონერები ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის გერმანული ოპერატორი Fraport, კატარის სიმდიდრის ფონდი და VTB ბანკი დაახლოებით 25%-ს ფლობენ. Interfax-ის მიხედვით, დანარჩენ წილს აკონტროლებს ინვესტორთა კონსორციუმი, რომელშიც შედიან რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, აბუ-დაბის სუვერენული ფონდი Mubadala და კერძო საინვესტიციო კომპანია Baring Vostok-ი.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება განსხვავებულია აქამდე ე.წ. არამეგობრული ქვეყნების ინვესტორებისთვის აქტივების სრულ ჩამორთმევასთან შედარებით, რამდენადაც აჩენს შესაძლებლობას, რომ უცხოელმა აქციონერებმა, გარკვეული პროცედურების შედეგად, ხმის მიცემის უფლება აღიდგინონ.