LIVE

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

29 ნოე 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით - 80 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბიზნესებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დრო 2025 წლის 1 იანვრამდე ექნებათ.

გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, კანონის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში ხელახალი რეგისტრაციების საკითხი დადგა.

„შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანამდე დაარსებულმა კომპანიებმა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან. ეს ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. ბუნებრივია, ჩვენ მიერ მიმდინარეობდა დაკვირვება, თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ყველა სუბიექტი ახორციელებდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებას. სამწუხაროდ, მიმართვიანობის ტემპი ბიზნესის მხრიდან არცთუ მაღალია და შესაბამისად, საკმაოდ დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სავარაუდოდ, მოქმედ ბიზნესებს წარმოადგენენ და საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში არ მოუყვანიათ ახალ კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ერთი მხრივ, გადავადდეს რეგისტრაციის ვადა და გარდა ამისა, ახლებურადაც რეგლამენტირდეს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცვლილების თანახმად, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს რეგისტრაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდება და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.