
საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება,- ასეთია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის უახლესი შეფასება.
შეფასებაში, რომელშიც ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული, აღნიშნულია, რომ საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული მაჩვენებელი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება - 7 ქულა აქვს. S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.
საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო და რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.