
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ბიზნესებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დრო 2025 წლის 1 იანვრამდე ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შედის.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, ვადა 2024 წლის 1-ელ იანვარს იწურება, თუმცა რეგისტრირებული საწარმოების დიდ ნაწილს მოთხოვნა არ შეუსრულებია, რაც 1 წლით გადავადების მიზეზი გახდა.
ცვლილების თანახმად, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს რეგისტრაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდება და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ გავრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე. ასევე, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნების აღსრულებას არ იქნება სავალდებულო ხასიათის, ეს იქნება მისი უფლებამოსილება და განახორციელებს ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში.