LIVE

თურქეთიდან რუსეთის ომის მანქანისთვის სასიცოცხლო საქონლის ექსპორტი გაზრდილია - FT

28 ნოე 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
თურქეთიდან რუსეთის ომის მანქანისთვის სასიცოცხლო საქონლის ექსპორტი გაზრდილია - FT

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში თურქეთიდან რუსეთში $158 მილიონის ისეთი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რომელიც მოსკოვის „ომის მანქანისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სამხედრო წარმოებისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გასამმაგებულია.

Trade Data Monitor-ის მონაცემებით, შედარებისთვის, 2015-2021 წლებში თურქეთიდან ამ ტიპის პროდუქციის ექსპორტის წლიური საშუალო მოცულობა მხოლოდ $28 მილიონს შეადგენდა. თავის მხრივ, დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან $500 მილიონამდე გაიზარდა ე.წ. მაღალპრიორიტეტული პროდუქციის იმპორტი თურქეთში. 2015-2021 წლების იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 60%-ია.

პროდუქციის 45 კატეგორია, რომელიც აშშ-მა „მაღალპრიორიტეტულად“ დაასახელა, მოიცავს მიკროჩიპებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, ტელესკოპურ სამიზნეებს. აშშ-სა და ევროკავშირის ცნობით, რუსეთი ამ პროდუქციას საბრძოლო დრონებისთვის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის იყენებს. მათი ექსპორტი აშშ-ს, ევროკავშირის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ხშირად, ამ ქვეყნების გვერდის ავლითა და  მრავალსაფეხურიანი იმპორტის გზით, პროდუქცია რუსეთში მაინც ხვდება. ვაჭრობის გაკონტროლებას ართულებს ის გარემოებაც, რომ პროდუქცია როგორც კომერციული, ისე სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება.

უცხოური მედიის ცნობით, საკითხის განსახილველად ანკარას მიმდინარე კვირაში ბრაიან ნელსონი, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში აშშ-ს სახაზინო მდივნის მოადგილე, ეწვევა. შეხვედრის განხილვის თემა ის სავაჭრო და ფინანსური საქმიანობები იქნება, რომლებიც რუსეთისთვის სარგებლის მომტანია უკრაინის წინააღმდეგ ომში. ნელსონი ამ შესაძლებლობების გამოძიებაზე და შეზღუდვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

Financial Times-ი წერს იმაზეც, რომ თურქეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, პროდუქციის ექსპორტი რუსეთის გარდა, გაზრდილია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ამ ჩამონათვალში აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და უზბეკეთთან ერთად საქართველოც მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ შესაბამისი პროდუქციის იმპორტის ზრდას ამ ქვეყნების სტატისტიკის სამსახურები არ ასახავენ.

თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა „მკაცრ მონიტორინგს უწევს თურქეთის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს“. იგი დასძენს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მსხვილი ფინანსური და ინდუსტრიული ბიზნესები მკაცრად ემორჩილებიან ამ პოლიტიკას, მათ კონტროლს მიღმა რჩება „უმნიშვნელო“ და „ბუნდოვანი წარმომავლობის“ სუბიექტები, რომლებიც საკითხის მიმართ გულგრილობას იჩენენ.

სავაჭრო დაძაბულობა ემთხვევა თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობის მეტად სენსიტიურ მომენტს. ერთი მხრივ, ანკარა ცდილობს შეიძინოს მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები, მეორე მხრივ კი აშშ და ევროპა თურქეთს უბიძგებენ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.