LIVE

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილი ₾165 მილიონით გაიზრდება

27 ნოე 202314:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილი ₾165 მილიონით გაიზრდება

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში, ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თანხის უმეტესობა, 130 მლნ ლარი, რეგიონულ პროექტებს მოხმარდება.

„ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება. აქედან უდიდესი ნაწილი, 130 მლნ ლარი, ისევ ჩვენს რეგიონებში მოხმარდება პროექტების დაფინანსებას. ჯამში, რეგიონული განვითარების ფონდი 580 მლნ ლარი გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალიტეტებს მომავალ წელს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება შეეძლებათ. 

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი. ეს თანხა დაიხარჯება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომლების სახლებიც სტიქიის დროს დაზიანდა. 15 მლნ ლარს წელს ჩავრიცხავთ და მოხდება სახლების, ბინების შეძენა. დახმარების გარეშე არც ერთი ოჯახი დარჩება. დამატებით 15 მლნ ლარს გამოვყოფთ 2024 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განმარტებით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 25 მლრდ ლარი იქნება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი - 28 მლრდ 760 მლნ ლარი.