
განათლებისა სამინისტრომ სკოლის ბუფეტებისთვის მინიმალური მოთხოვნები დააწესა, რაც ნიშნავს, რომ ასეთ ობიექტებში გასაყიდი პროდუქტები იზღუდება და მკაცრდება მონიტორინგი.
ასეთ ადგილებში იკრძალება ისეთი მზა პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა:
- საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
- მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
- მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
- დაკონსერვებული პროდუქტები;
- თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
- სოკო ნებისმიერი ფორმით;
- კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ყავა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, ასეთ ადგილებში შერჩეული უნდა იყოს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.
დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის
სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება.
კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით. შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით.
მოსწავლეთა კვებისათვის არ არის დასაშვები შემდეგი საკვებდანამატების შემცველი სურსათის გამოყენება:
ა) ნატრიუმის ბენზოატი (E211) – კონსერვანტი;
ბ) ტარტრაზინი (E102) – საღებავი;
გ) ქინოლინისებრი ყვითელი (E104) – საღებავი;
დ) ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110) – საღებავი;
ე) კარმუაზინი (E122) – საღებავი;
ვ) პონსო ალისფერი 4R (E124) – საღებავი;
ზ) წითელი ალურა AC (E129) – საღებავი.
მოსწავლეთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები, მაგალითად, ქოლესტეროლის დამწევი ან სურსათი/სასმელი შაქრის შემცვლელი ხელოვნური დამატკბობლებით, როგორიცაა:
ა) ასპარტამი (E951);
ბ) სახარინი (E954);
გ) სორბიტოლი (E420);
დ) აცესულფამი K (E950);
ე) სუკრალოზა (E955).
სპეციალური კვებითი საჭიროების მქონე ბავშვების კვებაში (საჭიროების შემთხვევაში) გამოსაყენებელი სურსათის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო რეკომენდაციები.
სამინისტროს განმარტებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.