ნოემბრის ბოლო პარასკევს "შავი პარასკევის" სახელით ფასდაკლებების გამოცხადების წესი დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა ის სათავეს აშშ-ში იღებს.
ტრადიციულად "შავი პარასკევი" "მადლიერების დღეს" მოსდევს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებული არაერთი ლეგენდაც ძირითადად ამ დღეს უკავშირდება.
თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ტერმინი "შავი პარასკევი" პირველად ნიუ-იორკში 145 წლის წინ გამოიყენეს და მას საშობაო შოპინგთან საერთო არაფერი ჰქონდა. საუბარია 1869 წლის 24 სექტემბერზე, როცა ორი მსხვილი ინვესტორის, ჯეი გოულდის და ჯიმ ფისკის თაღლითურმა სქემამ მარცხი განიცადა, რასაც საბოლოოდ საფონდო ბირჟის კოლოსალური კრახი მოჰყვა.
შემდეგი ისტორია, რომელთანაც შესაძლოა, "შავი პარასკევი" იყოს დაკავშირებული, Macy's-ის ისტორიაა. 1905 წლის 2 დეკემბერს, Macy's-ის მაღაზიამ მოაწყო სანტა კლაუსის აღლუმი, რომელიც წინასაშობაო ინტენსიური შოპინგის იდეის წინაპირობა გახდა.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, 1950-იან წლებში მოვაჭრეები ზარალს წითლად, მოგებას კი შავი ჩანაწერით აღნიშნავდნენ. პარასკევი, რომელიც მადლიერების დღეს მოსდევდა, იყო დღე, როდესაც მათი მოგების პერიოდი იწყებოდა.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ტერმინის გამოყენება ფილადელფიელმა პოლიციელებმა 1961 წელს ქალაქის ქუჩებში შოპინგით გამოწვეული ქაოსის აღსანიშნად დაიწყეს.
ფილადელფიელ პოლიციელებს კიდევ ერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, Army-Navy თამაში, რომელიც მადლიერების დღის შემდეგ შაბათს იმართებოდა, ქალაქში უამრავ მყიდველს და ტურისტს იზიდავდა. შესაბამისად, საცობებთან და ქურდობის გახშირებულ შემთხვევებთან გასამკლავებლად, პოლიციას პარასკევობით უფრო დიდი ძალისხმევის გაწევა უწევდათ.
დაბოლოს, არსებობს კიდევ ერთი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მადლიერების დღეს მიღებული ზარალის შემდეგ, პარასკევ დღეს საშობაო სეზონი და "შავად ჩაწერილი" რიცხვების პერიოდი იწყებოდა.
თავდაპირველად, ტერმინი "შავი პარასკევი" გაყიდვებში დასაქმებულებში ქაოსური ვაჭრობის გამო იხმარებოდა. 1980-იან წლებში ამ ტერმინით წინასაშობაო შოპინგის აურზაურს აღნიშნავდნენ.
ასევე ცნობილია, რომ მოვაჭრეები შეეცადნენ "შავი პარასკევი" უფრო პოზიტიური ტერმინით "დიდი პარასკევით" ჩაენაცვლებინათ, თუმცა ამ ტერმინმა ფეხი ვერ მოიკიდა. საბოლოოდ, ის მაინც პოზიტიურ შესიტყვებად იქცა. წითელ-შავ ფერებში გამოსახული ეს სიტყვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებში შოპინგის სინონიმად იქცა.