LIVE

საკარანტინე სასტუმროებმა ბიუჯეტიდან 66,6 მლნ ლარი მიიღეს

19 მარ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 916
საკარანტინე სასტუმროებმა ბიუჯეტიდან 66,6 მლნ ლარი მიიღეს

2020 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, საკარანტინე სასტუმროებმა ბიუჯეტიდან 66,6 მლნ ლარი მიიღეს, რაც თვეში საშუალოდ 6,1 მლნ ლარს უტოლდება. ამასთან, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დაიხარჯა 2020 წლის აპრილში (9,7 მლნ ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები - 2021 წლის იანვარში (2,2 მლნ ლარი).

PMCG Research-ის თანახმად, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, სამთავრობო პროგრამაში 220 სხვადასხვა სასტუმრო (11 744 სასტუმროს ნომერი) ჩაერთო როგორც სპეციალური საკარანტინე ზონა.

ორგანიზაცია ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პროგრამამ ტურიზმის სექტორს 3,644 თანამშრომელი შეუნარჩუნა, ხოლო საკარანტინე მომსახურება 148 904 ადამიანს გაეწია.

 "ყოველთვიური ხარჯების ანალიზი გვიჩვენებს, რომ აპრილი და მაისი, თვეები, რომელიც ყველაზე მკაცრი ლოქდაუნით გამოირჩეოდა, ასევე, გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარჯის მაჩვენებლით, აგვისტოსთან (ემთხვევა მესტიაში დაწესებულ ლოქდაუნს) და ნოემბერთან (ემთხვევა ვირუსის გავრცელების პიკს) ერთად. მეორეს მხრივ, ივნისის და ივლისის თვეები გამოირჩა დახარჯული თანხის მცირე რაოდენობით, ისევე როგორც დეკემბერი და იანვარი," წერს PMCG Research-ი ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

2020 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, პროგრამაში თვეში საშუალოდ 94 სასტუმრო იყო ჩართული. ამასთან, აგვისტომდე პროგრამაში გაცილებით ნაკლები სასტუმრო იყო ჩართული (თვეში საშუალოდ 68), ხოლო აგვისტოდან დეკემბრამდე გაცილებით მეტმა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა (თვეში საშუალოდ 128). 2021 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი შემცირდა 51-მდე. 

გაანალიზებული პერიოდის განმავლობაში, დღეში სასტუმროს ერთი ნომრის საშუალო ფასმა 32 ლარი შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო აპრილში (50 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი დეკემბერსა და იანვარში (17 ლარი და 19 ლარი).

PMCG Research-ი ასკვნის, რომ საკარანტინე სასტუმროების პროგრამამ საგრძნობი შეღავათი გაუწია განთავსების სექტორის გარკვეულ ნაწილს. თუმცა, ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიის ზომისა და ნეგატიური შოკის სიძლიერის გათვალისწინებით, "ეს მხარდაჭერა შედარებით უმნიშვნელოა".

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში, 2020 წლის და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 91%-ით შემცირდა. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 90%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 86%-ით შემცირდა.