
საქართველოს ავტოპარკი 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია მსუბუქი მანქანების 5.3%-იანი ზრდით, - ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ახლად რეგისტრირებული ავტომობილების 50% თბილისზე მოდის, რაც კონცენტრაციის უფრო მაღალი ხარისხისკენ მიმავალ ტენდენციაზე მიანიშნებს.
ნავთობის ფასების მერყეობის მიუხედავად, გაზზე მომუშავე მანქანებს კვლავ დომინანტური წილი უჭირავთ და 2023 წლის 9 თვეში ახლად რეგისტრირებული მსუბუქი მანქანების 63%-ს შეადგენენ.
მზარდი ტენდენცია ფიქსირდება ელექტრომობილებშიც. 2023 წლის 9 თვეში მათ ახლად რეგისტრირებული მსუბუქი მანქანების 1.2% შეადგინეს. ელექტრომობილების ნახევარზე მეტი - 52% Nissan-ის მარკისაა.
გლობალური საავტომობილო ტენდენციის შესაბამისად, სპორტულმა ყველგანმავალმა ავტომობილებმა (SUV) ქართველ მომხმარებლებში სედანის ტიპის ავტომობილებს პოპულარობით პირველად 2023 წელს გაუსწრეს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ახალი მანქანების გაყიდვები გაუმჯობესდა. ეს განსაკუთრებით ეხება შიდა ბაზარს, სადაც 16%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, გარე ბაზარზე კი 4%-იანი მატება აღინიშნება.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის დინამიკას, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება - 2023 წლის 9 თვეში მანქანების იმპორტი გაორმაგდა, ხოლო რეექსპორტი 163%-ით გაიზარდა.
ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდისგან განსხვავებით, სათადარიგო ნაწილების იმპორტი წლიურად 30%-ით, საბურავების იმპორტის მაჩვენებელი კი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.