LIVE

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია

19 მარ 202116:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1205
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია
Bloomberg

United Nations Sustainable Development Solutions Network-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქვეყნების ბედნიერების ინდექსს ზომავს, ფინეთი, უკვე მეოთხედ, სიის სათავეშია. საქართველო კი ვენესუელას შემდეგ 108-ე ადგილს იკავებს. ყველაზე ნაკლებად ბედნიერად ადამიანები თავს ავღანეთში გრძნობენ.

მსოფლიო ბედნიერების ანგარიში მრავალფეროვან მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო Gallup World Poll-ია.

ანგარიშში მოცემულია ორი ტიპის რანჟირება: ჩვეულებრივი, 2018-2020 წლებში გამოკითხვების საშუალო მაჩვენებელზე დაყრდნობით და მეორე, მხოლოდ 2020 წელზე ორიენტირებული, იმისთვის რომ შეაფასოს რა გავლენა ჰქონდა პანდემიას ბედნიერების მაჩვენებელზე.

ნდობა მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბედნიერების შეგრძნებას და Covid-19-ის სტრატეგიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერები, სადაც საჯარო ინსტიტუტების მიმართ მეტი ნდობა და შემოსავლის მაღალი თანასწორობაა, ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდნენ ვირუსს. 

ფინეთმა შეძლო პანდემიას უკეთ გამკლავებოდა, ვიდრე დანარჩენი ქვეყნების უმეტესობა. თავი აარიდან მასობრივ ლოქდაუნებს, რამაც სხვა ქვეყნებში ცხოვრებით კმაყოფილების დონე შეამცირა. ამ ქვეყანაში საავადმყოფოები არ იყო გადავსებული და მისმა ჯანდაცვის სისტემამ შეძლო სიკვდილიანობა 150-ზე ქვევით შეენარჩუნებინა ყოველ მილიონ მოსახლეზე. მაშინ როცა გლობალური საშუალო მაჩვენებელი 980-ია. დანიამ, რომელიც მეორე ადგილს იკავებს, არანაკლებ წარმატებულად გაართვა თავი პანდემიასთან გამკლავებას.
 
შემდეგ ადგილებს იკავებენ ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ავსტრია. აშშ-მა ერთი საფეხურით უკან დაიხია და მე-19 ადგილი დაიკავა.

"ჩვენ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობაზე, ვიდრე სიმდიდრეზე,” ამბობს Sustainable Development Solutions Network-ის დირექტორი, ჯეფრი საქსი. მისი თქმით, პანდემიამ შეგვახსენა გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების და თანამშრომლობის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატი პოჰდანპალო