LIVE

ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ისევ ამოიფრქვა

15 ნოე 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 801
ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ისევ ამოიფრქვა

12 ნოემბრის ღამით ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ამოიფრქვა. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ამოფრქვევის სიმაღლემ ზღვის დონიდან 4 500 მეტრს მიაღწია.

მთა ეტნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის მუდმივად აქტიურია. ამოფრქვევა წელიწადში, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმეც მეორდება. 2021 წელს, 6 თვის განმავლობაში ისეთი რაოდენობის ვულკანური მასა ამოიფრქვა, რომ მთის სიმაღლე 30 მეტრით გაიზარდა. ვულკანის ბოლოდროინდელი აქტივობის პერიოდი 2013 წელს დაიწყო. 

ეტნას ამოფრქვევები, ძირითადად, შეფასებულია როგორც დაბალი დონის ვულკანური ამოფრქვევა. შესაბამისად, სიცილიის კუნძულზე, მთასთან ახლოს მდებარე დასახლებებს საფრთხეს არ უქმნის. ვულკანის აქტივობის ერთადერთი ხელისშემშლელი გავლენა ამოფრქვეული ფერფლია, რომელიც მიმდებარე ქალაქებში ვრცელდება. დრო და დრო იხურება კატანის აეროპორტი. ასე მოხდა, მაგალითად, ამ წლის მაისსა და აგვისტოში.

ვულკანის ამოფრქვევა ხელს არ უშლის ტურიზმის განვითარებას. მეტიც, არაერთი ადგილობრივი გიდი თუ სააგენტო მსურველებს მთის დალაშქვრას ვულკანის აქტიურობის პერიოდშიც სთავაზობს. თუმცა ამოფრქვევისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია დისტანციურადაც, Etna Observatory-ის ვებსაიტზე.

აღსანიშნავია, რომ ვულკანის ამოფრქვევა ყოველთვის ასეთი უსაფრთხო არ იყო. 1928 წელს მან სრულად განადგურდა ქალაქი მასკალი. ბოლო ფაქტი 2002 წელს მოხდა, როდესაც ამოფრქვევამ დაანგრია Piano Provenzana-ს ტურისტული კომპლექსი.