LIVE

მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება - კალაძე

15 ნოე 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 454
მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება - კალაძე

მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, სამუშაოები 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება იგეგმება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა.

პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მეორე ეტაპზე რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

„შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება.

სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება“, - თქვა თბილისის მერმა.