
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სულხან პაპაშვილის სს "ჰეშზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
როგორც სებ-ში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომპანიის ორივე დამფუძნებელთან - სულხან პაპაშვილთან და ვოლოდიმირ ნოსოვთან - დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განუხრელი დაცვით იმოქმედა.
სს "ჰეში" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილება კი, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მიენიჭება.
სს "ჰეშის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პირველ ციფრულ ბანკზე, პეისერა საქართველოზე საქმიანობის ლიცენზია 2022 წლის 21 ნოემბერს გასცა.