LIVE

ევროპა განაახლებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას

19 მარ 202101:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 1194
ევროპა განაახლებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას
Bloomberg

ევროპის ქვეყნები, გერმანიის და საფრანგეთის ჩათვლით, განაახლებენ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ფარმაცევტულმა მარეგულირებელმა პრეპარატის უსაფრთხოება დაადასტურა და დაასკვნა, რომ ვაქცინა არ არის კავშირში თრომბის რისკის მატებასთან. გამონაკლისს მხოლოდ შვედეთი წარმოადგენს, რომელიც საკუთარი ანგარიშის დასკვნების მოლოდინშია.

ევროკავშირის მთავრობები ძალიან ცდილობენ ვაქცინაციის დაჩქარებას, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტები ვრცელდება და ხელისუფლებები იძულებულნი არიან ხელახლა დააწესონ შეზღუდვები. იტალია კვლავ დაუბრუნდა ლოქდაუნს, ხოლო საფრანგეთმა პარიზის ზონაში შეზღუდვები გაამკაცრა.

ევროპის სამედიცინო სააგენტომ, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ შეფასებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან დაცვის კუთხით AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლიანობა ცალსახად გადაწონის ნებისმიერ რისკს. სააგენტომ, თავის ახალ დირექტივებში ისიც აღნიშნა, რომ სრულად ვერ გამორიცხავენ თრომბის იშვიათი შემთხვევების რისკს. რეკომენდაციის სახით ითქვა, რომ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, საჭიროა შესაბამისი გაფრთხილების დამატება.

გამაფრთხილებელმა წარწერამ შესაძლოა გაურკვევლობა წარმოქმნას, რაც AstraZeneca-ს ვაქცინას თან სდევდა ტესტირების პერიოდიდან, როდესაც დოზირებაში დაშვებულმა შეცდომებმა და აცრებს შორის განსხვავებულმა ინტერვალებმა კითხვები გააჩინეს ამ პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამას დაემატა მონაცემთა ნაკლებობა მოხუცებზე მისი ეფექტურობის მხრივ, რის გამოც, ევროპის მრავალ ქვეყანაში, მხოლოდ ახალგაზრდებზე ხდებოდა მისი გამოყენება. ეს პოზიცია საპირისპირო გახდა შეჩერების წინ.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტურია, რომელმაც შეიძლება დაგვიცვას სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან. საჭიროა გამოვიყენოთ ეს ვაქცინები“, - განაცხადა ევროპის სამედიცინო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სიუზი რინგი და მარტე ფორკადი