LIVE

თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპის ქონება $500 მილიონით გაიზარდა

09 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 270
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპის ქონება $500 მილიონით გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ქონება 2021 წლის $2.6 მილიარდიდან $3.1 მილიარდამდე გაიზარდა.  

Bloobmerg-ის თანახმად, აშშ 45-ე პრეზიდენტის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს პალმ ბიჩში მდებარე Mar-a-Lago-ს მამული და მაიამიში Doral-ის გოლფის კურორტი შეადგენს. ყოფილი პრეზიდენტი ასევე ფლობს ათეულობით გოლფის კურორტს როგორც შტატებში, ისე შოტლანდიასა და ირლანდიაში. მათგან ერთობლივად გამომუშავებული თანხა 2019 წლიდან 2022 წლამდე 50%-ით გაიზარდა.

გასულ წელს ტრამპმა თავისი ერთ-ერთი ღირებული უძრავი ქონება, ვაშინგტონში მდებარე Trump International Hotel-ი, $375 მილიონად გაყიდა. ამით მან Deutsche Bank-ის $170-მილიონიანი სესხი დაფარა.

ტრამპის ქონების რეალური ღირებულების საკითხი არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა. ყოფილ პრეზიდენტს ათწლეულების განმავლობაში, ბანკებიდან სესხების მიღების მიზნით, ქონების მილიარდობით დოლარით თაღლითურად გაზრდაში ადანაშაულებენ. ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის სამოქალაქო სარჩელმა შეიძლება ასობით მილიონიანი ჯარიმა და ზოგიერთი მისი ყველაზე საკულტო ქონების დაკარგვა გამოიწვიოს.

Bloomberg-მა ტრამპის ქონების ღირებულების კვლევის ანალიზი გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა პრეზიდენტმა მართლაც გაზარდა მისი აქტივების ღირებულება, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ნიუ-იორკის შტატი ამტკიცებს.

Mar-a-Lago, 5 806 კვადრატული მეტრის ფართობის სანაპირო ზოლი პალმ ბიჩში, $240 მილიარდი ღირს. Bloobmerg-მა შეაფასა მისი არა მხოლოდ როგორც საცხოვრებელი ქონების ღირებულება, არამედ როგორც ბიზნესის. Mar-a-Lago შემოსავლებს კლუბის წევრობის გადასახადით გამოიმუშავებს. ნიუ-იორკის შტატის სარჩელის მიხედვით, ქონება $27,6 მილიონად არის შეფასებული, ხოლო თავად ტრამპის მტკიცებით, $612 მილიონი ღირს.

სახელმწიფო ტრამპს ასევე ადანაშაულებს მანჰეტენზე მდებარე Trump Park Avenue-ს ღირებულების გაზრდაში. ნიუ-იორკის შტატის მიხედვით, ქონების რეალური ღირებულება $80 მილიონია, ხოლო ტრამპის განცხადებით დაახლოებით $91 მილიონია. Bloomberg-ის ანალიზით, ქონების ღირებულება $86,4 მილიონს შეადგენს.

ტრამპის კიდევ ერთი უძრავი ქონება მეხუთე ავენიუზე მდებარე Trump Tower-ის პენტჰაუსი, Bloomberg-ის მიერ $40 მილიონად არის შეფასებული, რაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ღირებულებაზე -  $131,3 მილიონზე - სამჯერ ნაკლებია.

Bloomberg-ის კვლევა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ტრამპის 2021 წლის განცხადებას, ასევე სამთავრობო ეთიკის ოფისის დოკუმენტებს და ბაზრის მონაცემებს ეყრდნობა.

ორშაბათს სასამართლოში ჩვენების მიცემისას ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბანკები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ მის განცხადებებს, როდესაც მისთვის ფულის სესხების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.