LIVE

თალიბანის აკრძალვის შემდეგ ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს მარაგი 95%-ით შემცირდა - გაერო

05 ნოე 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
თალიბანის აკრძალვის შემდეგ ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს მარაგი 95%-ით შემცირდა - გაერო

ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს მარაგები 95%-ით შემცირდა, გასულ წელს თალიბანის ადმინისტრაციის მიერ ნარკოტიკული საშუალებების წარმოების აკრძალვის შემდეგ. ამის შესახებ მოხსენებას გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC) აქვეყნებს.

UNODC-ის მიხედვით, ოპიუმის კულტივაცია 2022 წლის 233 000 ჰექტრიდან, 1 წელიწადში, 10 800 ჰექტრამდე დაეცა. წელს მოყვანილი ოპიუმის მარაგი 333 ტონას შეადგენს.

UNODC-ის თქმით, ეს აკრძალვა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს ომით განადგურებულ ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობა სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. აკრძალვამდე ოპიუმის ყაყაჩოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, ყველა სხვა საქონლის ჯამურ ღირებულებას აღემატებოდა. UNODC-ი დასძენს იმასაც, რომ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ორი მესამედი უკვე საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას, უფრო სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„მომდევნო თვეების განმავლობაში ავღანეთმა ინვესტიციები მდგრად საარსებო საშუალებებში უნდა განახორციელოს, რათა ფერმერებს ოპიუმის წარმოების მიღმა, სხვა შესაძლებლობები მიეცეთ.

ეს რეალური შესაძლებლობაა გრძელვადიანი შედეგებს მივაღწიოთ ოპიუმის უკანანო ბაზრის წინააღმდეგ, რომელიც ზიანის მომტანია როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე“, - განაცხადა UNODC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გადა ვალიმ.

ავღანეთიდან ოპიუმის მიწოდების მკვეთრმა ვარდნამ, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოს არალეგალური ოპიუმის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, შეიძლება საბოლოოდ შეზღუდოს მოხმარება საერთაშორისო დონეზე. თუმცა UNODC-ი აცხადებს, რომ ისეთი ალტერნატივების გამოყენების საფრთხე ჩნდება, როგორიცაა ფენტანილი ან სინთეზური ოპიოიდები.

თალიბანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა 2022 წლის აპრილში აკრძალა ნარკოტიკების წარმოება, გამოყენება და ტრანსპორტირება. აღსანიშნავია, რომ თალიბებმა 2000 წელს, მათი წინა მმართველობის დროსაც აკრძალეს ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა, თუმცა მოსახლეობის ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდნენ.

UNODC-ის თქმით, ბევრმა ფერმერმა ხორბლის წარმოება დაიწყო, თუმცა ამით გაცილებით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ.