LIVE

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გაიმართება

03 ნოე 202317:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 600
საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

უწყების განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, დუგკუნ ანმა ხელი სეულში მოაწერეს. ასევე, გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ის შეასრულებს ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს, ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი მოკლე დროში დასრულდება და კორეასთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა.