LIVE

ბათუმის გენგეგმის მიხედვით, სანაპირო ზოლის დატვირთულობა შემცირდება

04 ნოე 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
ბათუმის გენგეგმის მიხედვით, სანაპირო ზოლის დატვირთულობა შემცირდება

კომპანია "სითი ინსტიტუტმა" ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტი ქალაქის მერიას გადაუგზავნა.

როგორც "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, დოკუმენტის მთავარი მიზანი ზღვისპირა ქალაქის დეცენტრალიზაციაა, ამ მიზნით კი გენგეგმის პირველი რეკომენდაცია სანაპირო ზოლზე მშენებლობების შეზღუდვა და ალტერნატიული, შედარებით აუთვისებელი არეალების განაშენიანებაა. 

"დოკუმენტზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია, რადგან გენგეგმის ყველაზე მთავარი ნაწილი შემუშავდა. თუმცა, დოკუმენტის საბოლოო სახე მაინც არ გვაქვს, რადგან დარჩენილია ტექნიკური მხარის მოგვარება, რაც ძირითადად მის ამოქმედებაზე დასტურს გულისხმობს. უშუალოდ კონცეფცია კი ზღვისპირა ქალაქს 4 ძირითად ზონად ყოფს, ესენია: თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და მედეგი, ასევე უსაფრთხო ქალაქი. 

აქედან, პირველი, ანუ თანაბრად განვითარებული ქალაქი გულისხმობს, ბათუმის დეცენტრალიზაციას. მათ შორის, დოკუმენტის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ქალაქის სანაპირო ზოლში (აქ ძირითადად მოიაზრება ძველი ბულვარის ტერიტორია) მშენებლობები შეწყდეს ან მეორე ვარიანტია, მაგალითად ახალი ბულვარის შემთხვევაში მშენებლობები მხოლოდ K2 კოეფიციენტის შესაბამისად მოხდეს, რაც 7-დან 9 სართულამდე შენობების აშენებას გულისხმობს და ისიც უფრო კომერციული დატვირთვის. პარალელურად, საცხოვრებელი ობიექტების განსათავსებლად ჩვენს მიერ შემუშავებული გენგეგმა მერიას ორ ალტერნატიულ ლოკაციას სთავაზობს, სადაც არეალი შედარებით ნაკლებადაა ათვისებული. ესენია ე.წ. ბიზნეს ტერიტორია და ბათუმის მთის ძირის ტერიტორია, სადაც ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 20-30 ათასი ადამიანის განაშენიანებაა შესაძლებელი, თავისი სკოლებით და საჭირო ინფრასტრუქტურით. უშუალოდ ბიზნეს ტერიტორიაზე კი, გარდა საცხოვრებლისა, განიხილება მულტიფუნქციური ტექნოპარკის გაშენებაც, გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით მიგრანტების ეფექტის შემდეგ, ბოლო წლებში ბათუმში განვითარების დიდი პერსპექტივა გაჩნდა IT მიმართულებით და ეს ნაწილი დოკუმენტში ცალკეა შესწავლილი",- აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე. 

რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემას, ავარიული სახლების ჩანაცვლებას, დოკუმენტში გამოყოფილია 650-მდე ავარიული სახლი, რომელთა ნაწილი რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, ნაწილი კი ამორტიზებას საჭიროებს. გენგეგმის ფარგლებში, კიდევ ერთი მთავარი საკითხი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებაა. როგორც "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ამბობს, პრობლემის მოგვარებისთვის რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. 

"გენგეგმაში გამოყოფილია 14 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი და მათი მოგვარებისთვის განხილულია სხვადასხვა გზა. მათ შორის, ბათუმის შესასვლელ-გამოსასვლელში, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში ე.წ. შემოსახვევი დერეფნების გაკეთება, რაც არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს სავარაუდოდ შეამსუბუქებს. განიხილება ბულვარში სავალი ზოლების დამატების შესაძლებლობაც, სადაც გადაადგილებას შეძლებენ ველოსიპედები, სკუტერები და ა.შ. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ქალაქის შიგნით ე.წ. მწვანე დერეფნების გაშენება სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ველოსიპედით გადაადგილება. სატრანსპორტო კოლაფსის შემსუბუქების გარდა, ამ ყველაფრით ქალაქი უფრო გამწვანდება", - აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე. 

დოკუმენტის ავტორის ოპტიმისტური პროგნოზით, გენერალური გეგმა საბოლოოდ მზად 2024 წლის ზაფხულის ბოლოს იქნება. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ფარგლებში განიხილება ბათუმის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებაც და ამ მხრივ, საკმაოდ დიდ ყურადღება ექცევა გონიოს. კონცეფციის მიხედვით, გონიოს შემთხვევაში ახალი ფუნქციური ზონა შემოდის, სანაპირო ზოლზე კი შენობების სართულიანობის შეზღუდვა წესდება, კერძოდ შენობების სიმაღლის 15- მეტრიანი შეზღუდვით.