LIVE

TBC Capital: საქართველოში 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 8.3%-ით შემცირდა

05 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
TBC Capital: საქართველოში 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 8.3%-ით შემცირდა

TBC Capital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი რეკორდული იყო და 14.2 ტვტ.სთ-ს გაუტოლდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 3.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მზარდი ტენდენცია 2023 წლის იანვარ-სექტემბერში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. 

„ჯამური მოხმარების შემცირების მიზეზი პირდაპირი მომხმარებლების (-26%) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (-12.3%) შემცირებული მოხმარებაა, ხოლო სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარება გაზრდილია 2.7%-ით“, - აღნიშნულია ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და 2026 წლისთვის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გამომუშავების პროგნოზის მიხედვით, 2026 წლისთვის გენერაცია 18.2 ტვტ.სთ. იქნება. ამავე პერიოდში, TBC Capital-ის შეფასებით, ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულ 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს. 2026 წლისთვის დადებითი ბალანსი 2.8 ტვტ.სთ-ს გაუტოლდება“, - აცხადებენ TBC Capital-ში. 

რაც შეეხება 2023 წლის პირველი 9 თვის გენერაციის მაჩვენებელს, იანვარ-სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციამ 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (წლიური ზრდა 2%-ია), მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე. 

მიმოხილვის თანახმად, საქართველოში გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.