LIVE

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს

01 ნოე 202312:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ტენდერის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები სამი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.

„კვლევების შედეგების მიხედვით, შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე, განისაზღვრება ტბის შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გლდანის თეთრი ტბის სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა, კერძო მესაკუთრეს კი ტბის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია. 

თბილისის მერმა ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ტბის გასხვისების სამართლებრივი დეტალების შესწავლის დავალება გასცა.

„ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა. დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა. იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ.

დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა იქ დღეს რა მდგომარეობაც არის, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.