
2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკაში, 767 მლნ 400 ათასი დოლარით, რუსეთი ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტების ეფექტის ნაწილობრივ გამორიცხვის პირობებშიც ლიდერობს. როგორც სებ-ში განმარტავენ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 42.5% შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მეორე ადგილზე იყო თურქეთი 484 მლნ 500 ათასი დოლარით, მესამეზე კი - ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი 427 მლნ 600 ათასი დოლარით.
იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული, 3 251 651 900 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 1 149 053 საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა, წლიური ზრდა 47.3%-ია.
10 ლიდერი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:
- რუსეთი - 1 149 053 ვიზიტი (წლიური ზრდა 47.3%);
- თურქეთი - 1 081 419 ვიზიტი (ზრდა 99%);
- სომხეთი - 736 086 ვიზიტი (ზრდა 41.1%);
- ისრაელი - 182 651 ვიზიტი (ზრდა 17.5%);
- აზერბაიჯანი - 147 195 ვიზიტი (ზრდა 31.3%);
- ყაზახეთი - 129 913 ვიზიტი (ზრდა 31.2%);
- უკრაინა - 115 815 ვიზიტი (წლიური კლება 9.3%);
- ბელარუსი - 109 178 ვიზიტი (ზრდა 0.3%);
- ირანი - 98 679 ვიზიტი (ზრდა 21%);
- პოლონეთი - 73 129 ვიზიტი (ზრდა 121.1%).