
იალტაში, ოკუპირებულ ყირიმში, მდებარე სახლი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახს ეკუთვნოდა, რუსმა ოკუპანტებმა აუქციონზე 44 მილიონ რუბლზე მეტად ($477 000) გაყიდეს.
"სახლის გაყიდვის" შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელმწიფო მედიამ, "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა. გამოცემის თანახმად, სახლი ზელენსკის ეკუთვნოდა, თუმცა The Kyiv Independent წერს, რომ ოფიციალურად უძრავი ქონება მისი ცოლს, ოლენა ზელენსკას მფლობელობაშია.
2023 წლის თებერვალში რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ყირიმში უკრაინელების საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონების "ნაციონალიზაცია" იგეგმებოდა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა თქვა, რომ ზელენსკას სახლის ახალ მფლობელს მის სივრცეში "ნაციზმთან ბრძოლის მუზეუმის" შექმნას შესთავაზებენ. რუსეთი წლების განმავლობაში ავრცელებს ცრუ პროპაგანდისტულ ნარატივს უკრაინაში გავრცელებული ნაციზმის შესახებ.